თეგი: სათამაშო ბიზნესი

სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციების შედეგად, აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილია 1 457 526 ადამიანი - ხუციშვილი

2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციების შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილია 1 457 526 პირი, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი,- ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, წინა წელთან შედარებით, 65 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა. ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ, 2022 წელს მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც აწესებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, ადგენს სანებართვო პირობებს, სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობებისა და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე.  

სათამაშო ბიზნესი მოგების 15-პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგრება

ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი მოგების 15-პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგრება, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად. საქართველოს მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა 2024 წელს დამატებით, 400 მილიონი ლარის რესურსს გააჩენს. პრემიერ-მინისტრის თქმით, შარშან მიღებული მნიშვნელოვანი ცვლილებებით აიკრძალა სათამაშო ბიზნესის რეკლამა,  ასევე, 25 წლამდე მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა აეკრძალათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. „2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს. საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგენთ ახალ ინიციატივას - სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის  განაკვეთები უნდა შევცვალოთ და გეგმის მიხედვით, ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 %- ით, დღეს მოქმედი 2%-ის  ნაცვლად. ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები დამატებით ბიუჯეტში მოიტანს 400 მილიონ ლარს. 300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ამ ცვლილების შედეგად, ჯამში 700 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვექნება 2024 წელს. აქვე მინდა ერთის მხრივ გაკვირვება გამოვხატო, მეორეს მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია, ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. ცნობისთვის, უბრალოდ მინდა, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. იცით, რომ ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როცა ავკრძალეთ რეკლამა და ასევე, 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ავტომატურად მილიონ 500 ათას მოქალაქეს შეეზღუდა სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ დამატებით გადასახადები ამ ბიზნესს და როგორც მოგახსენეთ, დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება დამატებით ამოღებული,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებსაც სახლში სათამაშო ბიზნესის ობიექტი ჰქონდათ მოწყობილი - საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სამეწარმეო საქმიანობის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელების ფაქტი გამოავლინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში პასუხისგებაში ორი პირი მიეცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი. დადგენილია, რომ ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100 000 ლარი. გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული. აღნიშნული კატეგორიის დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.